Foto

გზების დეპარტამენტი - სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწის მასა ჩამოიშალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწის მაშა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.

მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.