Foto

ხაბეიშვილი - მოვუწოდებ „რუსულ ოცნებას“, პოლონელი ექიმების ჩამოსასვლელად, დოკუმენტირებული თანხმობა უსწრაფესად გასცეს

ვაფრთხილებ და მოვუწოდებ „რუსულ ოცნებას“ - ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტებით, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოსვლა ხვალვე შეეძლოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

"ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში, „რუსული ოცნებისგან“ - რატი ბრეგაძისგან გვესმის განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ „რუსულ ოცნებას“ და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან, ჩამოვიდნენ მაშინვე, როგორც კი, კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, რატი ბრეგაძეს - ამ კრემლიდან მართულ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც თავის დროზე უცხოეთში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასწავლა, თუმცა როგორც ჩანს, უცხოეთში მიღებული განათლება არ ნიშნავს, რომ ის აპრიორი პროდასავლელი იქნება და არ იქნება რუსი. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ემორჩილება კრემლიდან მოსულ დირექტივას",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.