Foto

იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში - პაპუაშვილი

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა" რადიკალურ ჯგუფებს აძლიერებს.

"ეს არის წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ, მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორეს მხრივ, ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელია.

ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა აძლევს დამატებით ენერგიას რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი, ამიტომ ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.