Foto

EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“,- განაცხადა კოლონამ. 

გამოცემის ცნობითვე, თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან,“- წერს გამოცემა.

Politico-ს ცნობითვე, მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ბლოკს მოუწოდეს, რომ სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგაც. 

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გაზარდა შიში, რომ მოსკოვი ჩაერევა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით მოლდოვას პოლიტიკაში, რომლის პროევროკავშირის პრეზიდენტმა საჯაროდ ამხილა კრემლის გეგმები მთავრობის დამხობის შესახებ",- წერს გამოცემა.