Foto

მაკრონი - იმედს ვიტოვებ, რომ საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება

დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და გამოხატონ ბრაზი, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში, მომხდარ მასობრივ პროტესტს და არეულობას, რაც საპენსიო ასაკის კანონის დამტკიცებით იყო გამოწვეული.

ემანუელ მაკრონის თქმით, ლოდინის პერიოდში დეფიციტი კიდევ უფრო გაუარესდება, აქედან გამომდინარე ის იმედს იტოვებს, რომ საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება.

„რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საფრანგეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, საღამოს პარიზში, პოლიციის დახურულმა რიგებმა, ფარებითა და ხელკეტებით, დემონსტრანტების უმეტესობა გააძევა მოედნიდან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კვლავ ადგილზე დარჩა.