Foto

სამნიძე - კობახიძის განცხადება პირდაპირ შუღლი გაღვივებისკენაა მიმართული

რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, ხატია სამნიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაციის კაცი უწოდა.

მისივე თქმით, კობახიძის გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და შეირაცხოს, როგორც მძიმე რეპუტაციის ადამიანი.

"ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვას. რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული და პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია და გამოცხადდნენ, თურმე მძიმე რეპუტაციის ადამიანებად", - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავდნენ,  ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.

მომხდარ ფაქტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის კაცი" უწოდა. "თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა ეკუთვნის", - თქვა კობახიძემ.