Foto

ზურაბიშვილი - ყოველივე შევიწროებას ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი

ყოველივე შევიწროებას,  თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს.

"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთ სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალაადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რასაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართვევლოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას; ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს  ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როდესც ხელოისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლის ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა!", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

დღეს, 27 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელი მორიგი განცხადება გაავვცელა და პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.