Foto

ბელარუსის საგარეო - რუსეთის ბირთვული ქობინების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება საერთაშორისო სამართლის დებულებებს შეესაბამება

რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის დებულებებს, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არ არის ინოვაცია არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.

„ამ გარემოებებისა და მათგან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ინახება აშშ-ის 150-ზე მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მათი შესაძლო გამოყენებისთვის მომზადებულია 250-ზე მეტი თვითმფრინავი“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.