Foto

სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, ქვეყანას შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღების შანსი ჰქონდეს

დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, ქვეყანას შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღების შანსი ჰქონდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულებაა, მიშელს კი, როგორც თავად აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება "თავზე გადაახია", აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიკავოს შარლ მიშელმა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საქართველოსთვის სასარგებლო მხარე.

„ევროკავშირი მსჯელობს, როდის გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი მოლდოვასთან და უკრაინასთან. საქართველოს კი ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. როცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ წლის ბოლოს გაიმართება მსჯელობა, ეს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე იქნება – მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებენ, როდის დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, საქართველოს შემთხვევაში კი უნდა იმსჯელონ, მიანიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი სწორედ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულებაა. მიშელს შეთანხმება თავზე გადაახია „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სურვილი ჰქონდეს, აქ ჩამოვიდეს ან აქტიური პოზიცია დაიკავოს სტატუსის მიღების პროცესში მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას შეუქმნა სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, როცა უარი თქვა მიშელის უშუალო თანამონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.