Foto

„როგორც სახალხო დამცველი, ამ კითხვაზე პრინციპულად არ გავცემ პასუხს“ - ომბუდსმენი კითხვაზე არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი

რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხდა.

მისივე თქმით, მას პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მკაფიო შეხედულებები აქვს დაფიქსირებული მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხის ირგვლივ, მაგრამ მას დღეს კანონი აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური პრეფერენციები მოახდინოს.

მან დასძინა, რომ ის იზიარებს წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ნიკა გვარამიას საკითხის ირგვლივ ჩამოყალიბებულ დასკვნას, აქედან გამომდინარე ამ დასკვნას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

"მე როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვაკეთებდი პოლიტიკურ შეფასებებს. როგორც სახალხო დამცველი, ამ კითხვაზე პრინციპულად არ გავცემ პასუხს...  

ჩემი შეხედულებები მათთან [ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით იმ ნაწილში რაც იყო როცა პოლიტიკაში ვიყავი, რჩება იგივე. ერთთან დაკავშირებითაც და მეორესთან დაკავშირებითაც მე ჩემი პოზიცია მაქ დაფიქსირებული პოლიტიკაში ყოფნის დროს. მე დღეს კანონი აღარ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები მოვახდინო ვინმეს მიმართ. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დასკვნა, რაც არის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული, სადაც მათ შორის ამ საკითხზე არის საუბარი, მე საჯაროდ ვთქვი, რომ ამ დასკვნას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. ნიკა გვარამიას ჰქონდა კითხვა, რომ იქნება თუ არა ეს დასკვნა გაგზავნილი მის საქმესთან ერთად, როცა ის გაასაჩივრეს სტრასბურგში, რაზეც დავუდასტურე, რომ არ ექნება პირადად ჩემი მხრიდან არანაირი შეფერხება. ამის იქით, რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ...

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა ჩამოყალიბებული და გამოხატული. ამ ნაწილში არის მსჯელობა განვითარებული და პოზიცია არის გადმოცემული და მე ამ დასკვნას ვიღებ, ამ დასკვნას ვეთანხმები და ამ დასკვნას ნიკა გვარამიას საქმესთან ერთად დავურთავ", - განაცხადა იოსელიანმა.