Foto

მდინარაძე პრეზიდენტზე - დღეს, საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა

დღეს, ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ,- ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე წარსდგა.

როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლით პოლარიზაცია გააღრმავა.

"ერთი კითხვა მაქვს - 2008 წელთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი - აქ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რაე გვითხრათ?... როდესაც ჩვენ ვიცით "ნაცმოძრაობის" კონკრეტული მიზნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის მათი მიზანი პოლარიზაცია. არავის სჯერა, რომ პოლარიზაცია არ იყოს მათი მიზანი. დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას... ვინც თქვენ ხმა მოგცათ, მათ პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელი თქვენი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ", - მიმართა მდინარაძემ ზურაბიშვილს.