Foto

სარჯველაძე გრიგორიადისზე - არ შეიძლება იგივე სახელი შევარქვათ, რაც ჟიული შარტავას

არ შეიძლება სიტყვა გმირი, ისეთი ადამიანებისთვის გავიმეტოთ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესვრიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა სუსისგან იყო მართული, მერე გაირკვა ვინც იყო და ახლა მას გმირად მოიხსენიებენ.

“პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, გახსოვთ, რომ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ეს სუს-გან მართული ადამიანები იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა საზოგადოებას გვთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და იძახიან, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ, ამ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება სიტყვა გმირი, ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ და ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც მაგალითად, ჟიული შარტავას აქვს. არ შეიძლება ასეთი რამ, ეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამორალურობაც არის”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.