PSP ჯგუფი ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300 %-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაცია მიზანშეწონილია მხოლოდ შენახვის მოკლე ვადის დარჩენის შემთხვევაში. ზუსტად ეს შემთხვევა არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გამოყენებული სამინისტროს მიერ PSP-ს მიმართ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად.
სინამდვილეში, შვეიცარული კომპანია „Novartis Pharma“-ს მიერ წარმოებული ონკოლოგიური მედიკამენტი „აფინიტორი“, (10 მგ-იანი), რომლის შესასყიდი ფასი 842 $-ია და განბაჟების მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2 600 ლარს; შენახვის მოკლე ვადის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე აიტვირთა 753 ლარად და ამ ფასად იყიდებოდა სამი თვის განმავლობაში. ეს მოკლევადიანი პროდუქტი ამოიწურა. ხოლო მარტიდან, შვეიცარიიდან ისევ შემოვიდა გრძელვადიანი მედიკამენტი, რომლის ღირებულება დაუბრუნდა 2 970 ლარს. (სახელმწიფო პროგრამით შესასყიდი ფასი.)
ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ჯამურად, კომპანიას გააჩნია 10-დან 20 %-მდე ფასნამატი, რომლის 90 % იხარჯება მედიკამენტის შენახვის უმაღლესი სტანდარტის დასაცავად და განბაჟება-ლოჯისტიკურ ხარჯებზე.
რაც შეეხება თურქულ მედიკამენტებს: დიახ, ჩვენი, ფარმაცევტული სექტორის დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა საქართველოს ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის, რადგან თურქეთში წარმოებული იაფი მედიკამენტები კონტრაბანდულად შემოდიოდა საქართველოში და არალეგალურად იყიდებოდა ათწლეულების მანძილზე. ჩვენ, ლეგალურ კომპანიებს, არ გვქონდა ამ მედიკამენტების იმპორტისა და განბაჟების შესაძლებლობა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ 10 წლის შემდეგ მოახერხდა ბაზრის გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის.
ბატონმა აზარაშვილმა, ონკოლოგიური მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთნაირი ფასი აქვთ. რეფერალური ფასების შემოღება ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა?! დიახ, რეფერალური ფასი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ, ყველა მედიკამენტს, ყველა სააფთიაქო ქსელში იდენტური ფასი ექნება. თურქეთში, ყველა აფთიაქში ყველა მედიკამენტი ერთი და იგივე ფასად იყიდება და ღირებულება წამლის შეფუთვაზეა დატანილი. სად არის აქ გარიგება?! თუ ბაზარი რეგულირდება, გარიგება არ არსებობს!
PSP 30 წელია ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ნამდვილად არის ხარისხის გარანტი, რომელიც ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შენატანით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გვჯერა, 130 წლის შემდეგ კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი", - ნათქვამია PSP ჯგუფის განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press