Foto

თალაკვაძე - კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში მხარს არასდროს დაუჭერდა

კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში არასდროს დაუჭერდა მხარს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ერთხმად ამბობენ, რომ არ შეიძლება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების დაყოვნება და ეს იქნება დამაზიანებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ინტერესებისთვისაც, ამ დროს თბილისში ჩამოსულია გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იგივე გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან.

"ჩვენ არავისთან ოპონირების პრობლემა არ გვაქვს. არაერთხელ შევხვედრივართ წინა წლებშიც ქალბატონ კრამონს და რაზეც ის გვაკრიტიკებს, სრული არგუმენტაცია მას ამაზე მიღებული აქვს. სხვათა შორის, არ მახსოვს, რომ მას რაიმე არსებითი კონტრარგუმენტი მოეყვანოს. მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს და ამბობენ, რომ არ შეიძლება სტატუსის მინიჭების დაყოვნება და ეს იქნება დამაზიანებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ინტერესებისთვისაც, ამ დროს თბილისში ჩამოსულია გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იგივე გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან. ამას რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში არასდროს დაუჭერდა მხარს. ხომ წარმოუდგენელია, რომ ქალბატონი კრამონი გამოვიდეს გერმანიის პარლამენტში, ან ევროპარლამენტში და თქვას, რომ ადამიანებისთვის ცეცხლის წაკიდება, პარლამენტის დაწვა და გადასახადების გადამხდელების მიერ შეძენილი ქონების განადგურება არის ნორმალური და ადამიანები ვინც ამას აკეთებენ, პასუხისგებაში არ უნდა მიეცესო. ამას არაფრისდიდებით არ გააკეთებს ევროპაში. გამოდის, რომ საქართველოში უჭერს მხარს იმას, რაც მიაჩნია თავის ქვეყანასა და ევროკავშირში მიუღებლად. ეს სულისკვეთება არ არის თავსებადი საქართველოს ევროპულ გზასთან", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა. მან ჰაინრიხ ბიოლოს ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან ერთად, კრამონი 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა.