Foto

გვარამია გრიგორიადისზე - პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია - ჩემი მხარდაჭერა მას!

ხელისუფლება ახლა ამზადებს სტრატეგიულ გზავნილს - აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

გვარამია 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაში იმყოფება.

"ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს! ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად "დანიშნა" სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსინუაციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. „ოცნებამ“ საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: "აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა". ეს გზავნილები არის მცდელობა (დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი) დააპირისპირონ თაობები, დაგვაშორონ დასავლეთს, გაგვტეხონ იმედგაცრუებით. 

მინდა მივმართო ჩემზე უფროს თაობებს: მამაჩემი ალბათ, იტყოდა - "ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე". დედა, ალბათ, იტყოდა - "რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?" კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი "ალბათ"-ის გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას.

მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს - აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, საზოგადოებამ გრიგორიადისზე ზეწოლა არ უნდა დაუშვას და მისთვის უნდა იბრძოლოს "ისეთივე შემართებითა და ვნებით, როგორც ის იბრძოლებდა".

"მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამის არდაშვება ახლა ჩვენ ძალგვიძს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ. არ დავუშვათ მის ოჯახსა და მეგობრებზე ზეწოლა. არ დავუშვათ მთელ საზოგადოებაზე ზეწოლა. 

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. არ დაიჯეროთ და გააგებინეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეგობრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები. იბრძოლეთ გარეთ, მაგრამ იბრძოლეთ საკუთარ, მეზობლების და მეგობრების სახლებსა თუ ეზოებში. იბრძოლეთ ფართიზე და კლუბებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. უნდა მოიგოთ ეს ბრძოლა არა მარტო გამბედაობით, ენერგიით და ემოციით, არამედ ჭკუით, დარწმუნების ძალით და დაუზარლობით. არ გაამარჯვებინოთ არც პროკურორების და მოსამართლეების უსამართლობას და არც რუსული ოცნების პოლიტიკოსების და მედიების ბინძურ პროპაგანდას! თავისუფლება ლაზარეს! თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!", - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.

გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ".