Foto

პოდოლიაკი - პროპაგანდისტი ტატარსკის სიკვდილით რუსეთის ფედერაცია სარგებლობს

სამხედრო კორესპონდენტის და პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს ტატარსკის სიკვდილი სჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის „მოხალისეების“ დაკომპლექტების დასაჩქარებლად.

მან დასძინა, რომ პროპაგანდისტის ლიკვიდაციით სწორედ რუსეთის ფედერაცია სარგებლობს.

"რუსეთის ფედერაციას სჭირდება თავისი მოსახლეობის შოკური მობილიზაცია "სამშობლო საფრთხეშია" ეგიდით, რათა "მოხალისეები" გადაიბირონ. რუსეთს სჭირდება აგრესიული ომის გამართლება, რათა უკრაინას დახმარება შეუწყდეს. გამოიტანეთ სწორი დასკვნები რუსეთში ნებისმიერი "ტერორისტული აქტის" შესახებ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. 

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.