Foto

ხაბეიშვილი - 9 აპრილის აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება მთავარ მოთხოვნად უნდა დავაყენოთ

9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ლაზარე, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის, შეუძლებელია არ დავაყენოთ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

ხაბეიშვილის თქმით, გრიგორიადისის გათავისუფლებასთან ერთად, მთავარ მოთხოვნად ასევე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება რჩება.

"9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი იყოს ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და შეუძლებელია, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება. ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე, როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 აპრილს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე 9 აპრილის აქციის მთავარ მოთხოვნად ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების საკითხის დაყენების ინიციატივით გამოვიდა.

ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.

გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ".