ლაზარე თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული მის ამ შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს, ხალხო. ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მას აქვს სურვილი, რომ მისი შვილი სახლში დაბრუნდეს არა გულგატეხილი და უსამართლობაზე გაბრაზებული, არამედ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული.
"მე ვარ თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე, გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული და მის ამ შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს, ხალხო. ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა.
ჩემი აზრით ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავის თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს, წესით, ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი. ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი. მინდა თითოეულ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს, გულითადი მადლობა გადავუხადო. ერთი ასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე. ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა, ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა, სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავისთვის მოსაწონი სამშობლო", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.
შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.
გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ".
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press