Foto

ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერდება

9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ხაბიშვილის თქმით,  ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და "პარტია ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერდება".

„მნიშვნელოვანია 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველა მოქალაქე მოვიდეს და დააფიქსიროს მისი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციებზე დადგა კონკრეტული შედეგი საზოგადოებასთან ერთად, როდესაც „რუსული კანონი“ გაიწვიეს და მე მინდა გითხრათ ასევე, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად, ვინც იბრძოლა ამ „რუსულ კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ.

ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ ეს თემა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკითხი საინფორმაციოდ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ 9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით. რაც შეეხება სტრასბურგის სარჩელს, პარტია მიზანმიმართულად იკავებს თავს გაკეთოს რამე განცხადება, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ოჯახი თავად გადაწყვეტს, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ ამ განხილვებში, რადგან არ იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული სასამართლოში.

იმისთვის, რომ პარტია გაძლიერდეს, იმისთვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ რუს ოლიგარქთან საბრძოლველად, პარტია გაძლიერდება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი კარი ყველასთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.