Foto

შალვა რამიშვილის შვილი - ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულ ქალებსა და ლაზარე გრიგორიადისს

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორის შვილმა, ლაშა რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას ახსოვს შალვა რამიშვილის უპატივცემულო დამოკიდებულება და უმადურობა დედის მიმართ, მან ასევე აღნიშნა, რომ შალვა ზოგადად არ სცემს ქალებს პატივს.

ის ასევე შეეხო მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საკითხს და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც ლაშა რამიშვილი აღნიშნავს, დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ, აქედან გამომდინარე სურთ მისი ციხეში გამომწყვდევა.

"ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.

ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.

რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება...

რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.

მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.

ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.

მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია.

მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს.

ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყდევას. დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ.

ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.

სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები.

მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას", - წერს ლაშა რამიშვილი.