Foto

დეკანოიძე - ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება, ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის

ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

დეკანოიძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ აკრედიტაცია, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება. 

"მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც დემოკრატიისთვის უნდა იყოს სამაგალითო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო, აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, ასევე, აკრედიტეცია შეუჩერდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს თათია წოწონავას და "ტვ პირველის" ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის. უმრავლესობის წევრები შერჩევით აძლევენ კომენტარს, ისინი არ მიდიან კრიტიკულ მედიაში. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება, ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი, ეს ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ეს წესი გაუქმდეს და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც შეზღუდული აქვს დღეს შემოსვლა და თავისი ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის განხორციელება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.