Foto

დეგნანი სანქციებზე - ეს არის შანსი საქართველოსთვის, დააფუძნოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის თქმით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, რათა "რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემა" შეიქმნას.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.