Foto

ხაბეიშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული - თუ ვინმეს კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა

საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი იდეა საქართველოს ევროპული მომავლისკენ სწრაფვაა.

"დღევანდელი აქციის შინაარსი არის, ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი. საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი გემოვნებისა, ვისაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და არ აპირებს, საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად. ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მოვისმინე მათი ლიდერების განცხადებები, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც, შესაბამისად ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი. არავის აქციაზე მოსვლისკენ არ მოვუწოდებ, მოვუწოდებ, საკუთარი მომავლისთვის დაცვისკენ. დარწმუნებული ვარ, ბევრნი ვიქნებით. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რამე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“, ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 9 აპრილს 17:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი.