Foto

ოპოზიციამ ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა გადადო

46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, თუმცა ცოტა ხნის წინ მოთხოვნები შეიცვალა. 

როგორც პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რიგგარეშე სხდომის გადადების გადაწყვეტილება, მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად.

"მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით. საკითხის ჩავარდნას ჯობს საკითხის გადაწყვეტის გადადება, ამიტომ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მოსამართლეების მხრიდან გადაცდომებს ადგილი არ აქვს, აქედან გამომდინარე ქართულ მართლმსაჯულებას შესწავლა არ სჭირდება, შესაბამისად, ვერ ხედავს კომისიის შექმნის აუცილებლობას.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.