Foto

ჰერჩინსკი - მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება

მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია და ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

"თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, ახლა, ამ ომის დროს და ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული, სასტიკი და მზარდი აგრესია, ასევე, აღძრავს სხვა შიშებს, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება და პროფესიონალურ დონეზეა შეფუთული.

მედია უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ.

რაც შეეხება [საქართველოში] მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს საჯარო გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედიაგარემო. თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ეს არის მუდმივი ბრძოლა, განსაკუთრებით, მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ, გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება, რადგან თავისუფალი, პროფესიონალური, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.