Foto

პირი, რომელიც 11 თებერვალს, ქუთაისში, ტურისტს თავს დაესხა არასრულწლოვანია

იმერეთის პოლიციამ, 11 თებერვალს, ქუთაისში, ტურისტზე ძარცვის ნიადაგზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ამხილა. ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

შსს-ს განცხადებით, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 2004 წელს დაბადებული ი.ო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.